დევიდ გრებერი – დემოკრატიის პროექტი 

დევიდ გრებერი (1961 თებერვალი 12 – სექტემბერი 2 , 2020) ამერიკელი ანარქისტი და ანთროპოლოგი. მის ცნობილ წიგნებს შორისაა: ვალი, პირველი 5000 წელი (2011) და აბსურდული სამუშაოების თეორია (2018). მისი წიგნი, რომლის ქართული თარგმანის PDF ვერსიასაც გთავაზობთ, დაიწერა 2013 წელს და მოგვითხრობს აშშ-ში განხორციელებულ სამოქალაქო პროტესტზე Occupy Wall Street-ზე („დაიკავე უოლსტრიტი“). ეს წიგნი გამორჩეულია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად კი იმიტომ, რომ გრებერი წერს მოძრაობაზე, რომლის დამკვირვებელიც არის და მონაწილეც.

ეს წიგნი არის მცდელობა, ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ის სიმახინჯეები, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ და ფინანსურ სისტემას ახასიათებს და, მეორე მხრივ, Occupy Wall Street-ის მაგალითზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს „რადიკალური დემოკრატიისთვის“ ბრძოლის ხედვა. ამიტომ ეს ნაშრომი, ზოგადად, დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ამერიკული პოლიტიკური დისკურსის ისტორიის კრიტიკული ანალიზიცაა და რადიკალური დემოკრატიისათვის ბრძოლის მეთოდების პრაქტიკული სახელმძღვანელოც.

„დემოკრატიის პროექტი“ 2013 წელს, გამოცემიდან მალევე
იქცა პოპულარულ საკითხავ წიგნად როგორც ამერიკაში, ისე
ბევრ სხვა ქვეყანაში. მისი წარმატება ალბათ იმანაც განაპირობა, რომ გრებერი არაჩვეულებრივად მარტივი ენით, ლაღი თხრობით ახერხებს, თავისი მკითხველი გაათვითცნობიეროს ურთულეს და სპეციფიკურ სფეროებში, მაგალითად, ისეთი კომპლექსური სტრუქტურის დეტალებში, როგორიცაა დღევანდელი ფინანსური სისტემა. ეს
წიგნი მოგაქცევთ დღევანდელი ამერიკის ყველაზე კრიტიკული დისკურსის ცენტრში და, ზოგადად, დაგაფიქრებთ იმაზე,
რაც ყველა მოქალაქეობრივად მოაზროვნე ადამიანისთვის და
თავისუფლების მოყვარული საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს უნდა წარმოადგენდეს: რა არის დემოკრატია? როგორი უნდა იყოს დემოკრატია? და როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ დემოკრატია ნახევრად რეალიზებულ ან პოლიტიკურად აბსტრაგირებულ პროექტად კი არ დარჩეს, არამედ ცხოვრების წესად და ყოფიერების არსად იქცეს.

“როცა საზოგადოებრივი მოძრაობების შეფასებებს ეცნობი, რომლებიც აშკარა კონსერვატორების მიერ არის დაწერილი ხშირად უცნაური კმაყოფილება გეუფლება; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლიბერალებს ეხება, რომლებმაც, საერთოდ, ადვილად იციან განაწყენება; ისინი არაპროგნოზირებადნი არიან, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, რადიკალური მოძრაობების იდეებს – დემოკრატიას, ეგალიტარიზმს, თავისუფლებას – იზიარებენ, მაგრამ ასევე როგორღაც ირწმუნებენ თავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ იდეალებთან მიახლოება შეუძლებელია. ამიტომ ისინი ერთგვარ მორალურ საფრთხეს ხედავენ ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც განზრახული აქვს, ზემოთხსენებული პრინციპები რეალობად აქციოს.” – დევიდ გრებერი

Built with Mobirise ‌

Free Web Site Design Software